სპონდილოლისთეზი არის მდგომარეობა, როდესაც ერთი მალის სხეული მეზობელი მალის მიმართ წინ ან უკან გადაადგილებულია. ყველაზე ხშირად ცვლილება წელის არეში, განსაკუთრებით L4–L5 ან L5–S1 დონეზე გვხვდება.

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს წელის ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და კუნთების დაჭიმულობა. ნერვული სტრუქტურების გაღიზიანების ან კომპრესიის შემთხვევაში ტკივილი შეიძლება გავრცელდეს ქვედა კიდურში და თან ახლდეს დაბუჟება, ჩხვლეტა ან სისუსტე.

დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ და ნევროლოგიურ შეფასებას და ვიზუალიზაციას. გამოიყენება რენტგენოგრაფია, ხოლო ნერვული სტრუქტურებისა და მალთაშუა დისკების შესაფასებლად შეიძლება საჭირო გახდეს MRI ან CT.

მკურნალობა დამოკიდებულია სპონდილოლისთეზის ხარისხზე და სიმპტომებზე. კონსერვატიული მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ რეაბილიტაციას, სპეციალურად შერჩეულ ვარჯიშებს, დატვირთვის კორექციასა და ტკივილის მედიკამენტურ მართვას.

შერჩეულ შემთხვევებში, როდესაც ტკივილს თან ახლავს ნერვული ფესვის გაღიზიანება, შეიძლება განიხილებოდეს შესაბამისი სამიზნე ინექციური პროცედურა. ბლოკადა მალის გადაადგილებას ვერ ასწორებს და გამოიყენება მხოლოდ კონკრეტული ტკივილის წყაროს მართვის მიზნით.

პროგრესირებადი ნევროლოგიური დეფიციტის, მნიშვნელოვანი არასტაბილურობის ან კონსერვატიული მკურნალობის მიუხედავად ძლიერი სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა ხერხემლის ქირურგის შეფასება.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში