პატელას დისლოკაცია — მუხლის კვირისტავის ამოვარდნილობა

პატელას დისლოკაცია (Patellar dislocation) არის მდგომარეობა, როდესაც მუხლის კვირისტავი (პატელა) ტოვებს თავის ნორმალურ მდებარეობას ბარძაყის ძვლის ტროქლეარულ ღარში. ყველაზე ხშირად ვითარდება ლატერალური დისლოკაცია, როდესაც პატელა გარეთა მხარეს გადაინაცვლებს.

ძირითადი ნიშნებია მუხლის ძლიერი ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა, დეფორმაცია და არასტაბილურობის შეგრძნება.

დიაგნოსტიკაში გამოიყენება რენტგენოგრაფია, CT და MRI. MRI განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანმხლები რბილი ქსოვილების დაზიანების, მათ შორის მედიალური პატელოფემორული იოგის (MPFL) დაზიანების, ხრტილისა და ოსტეოქონდრალური დაზიანებების შესაფასებლად.

პირველი ეპიზოდის შემდეგ მკურნალობა ხშირად მოიცავს რეპოზიციას, დროებით იმობილიზაციას და შემდგომ ეტაპობრივ რეაბილიტაციას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბარძაყის კუნთების გაძლიერებასა და მუხლის სტაბილურობის აღდგენას.

განმეორებითი დისლოკაციის, მნიშვნელოვანი ანატომიური არასტაბილურობის ან თანმხლები დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ორთოპედ-ტრავმატოლოგის შეფასება და ქირურგიული მკურნალობა.

ირაკლი შელია, MD, PhD
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი