სკაფოიდური ძვლის მოტეხილობა — მაჯის ტრავმა

სკაფოიდური ძვლის მოტეხილობა (Scaphoid Fracture) მაჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანებაა. ხშირად ვითარდება გაშლილ ხელზე დაცემისას, როდესაც დატვირთვა პირდაპირ მაჯაზე გადადის.

ძირითადი სიმპტომებია მაჯის ცერის მხარეს ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობა, განსაკუთრებით ე.წ. ანატომიური სათუთუნის (anatomical snuffbox) მიდამოში. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ცერის მოძრაობისა და ხელზე დაყრდნობის დროს.

მნიშვნელოვანია, რომ ტრავმის საწყის ეტაპზე მოტეხილობა ზოგჯერ რენტგენოგრაფიაზე არ ჩანს. მაღალი კლინიკური ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევა — CT ან MRI. CT კარგად აფასებს მოტეხილობის ხაზსა და ფრაგმენტების გადაადგილებას, ხოლო MRI-ს შეუძლია გამოავლინოს ფარული მოტეხილობა და ძვლის ტვინის შეშუპება.

სკაფოიდის სისხლმომარაგების თავისებურების გამო ზოგიერთ მოტეხილობას ახასიათებს შეხორცების შეფერხებისა და ავასკულარული ნეკროზის რისკი, განსაკუთრებით პროქსიმალური პოლუსის დაზიანებისას.

მკურნალობა დამოკიდებულია მოტეხილობის მდებარეობასა და სტაბილურობაზე და შეიძლება მოიცავდეს მაჯის იმობილიზაციას, ხოლო გადაადგილებული ან არასტაბილური მოტეხილობის შემთხვევაში — ქირურგიულ ფიქსაციას.

ირაკლი შელია, MD, PhD
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი