ოსტეოპოროზი — დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მოტეხილობის პრევენცია

ოსტეოპოროზი არის ძვლოვანი სისტემის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლის მინერალური სიმკვრივე და უარესდება ძვლის სტრუქტურა. შედეგად ძვალი ხდება უფრო მყიფე და იზრდება მოტეხილობის რისკი.

ოსტეოპოროზს ხშირად „ჩუმ დაავადებას“ უწოდებენ, რადგან იგი შესაძლოა წლების განმავლობაში აშკარა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს.

ყველაზე ხშირად ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მოტეხილობები ვითარდება:

  • ხერხემლის მალებში
  • ბარძაყის პროქსიმალურ ნაწილში
  • მაჯის მიდამოში

საყურადღებო ნიშნებია:

  • მცირე ტრავმის შედეგად განვითარებული მოტეხილობა
  • ზურგის ტკივილი
  • სიმაღლის შემცირება
  • ხერხემლის დეფორმაცია ან მოხრილობის მატება

დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია DXA დენსიტომეტრია — ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული კვლევებიც მეორეული ოსტეოპოროზის შესაძლო მიზეზების გამოსავლენად და ფასდება პაციენტის მოტეხილობის საერთო რისკი.

მკურნალობის მთავარი მიზანია მოტეხილობის რისკის შემცირება. ინდივიდუალური გეგმა შეიძლება მოიცავდეს რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, დაცემის პრევენციას, კალციუმისა და D ვიტამინის ადეკვატურ მიღებას და შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში სპეციფიკურ მედიკამენტურ მკურნალობას.

ოსტეოპოროზის დროული გამოვლენა და სწორად შერჩეული მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე მოტეხილობებისა და შემდგომი ფუნქციური შეზღუდვის პრევენციისთვის.

ირაკლი შელია, MD, PhD
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი