ართრიტი ნიშნავს სახსრის ანთებას. ის ერთი კონკრეტული დაავადება არ არის — ართრიტის მრავალი ტიპი არსებობს და შესაბამისად გამომწვევი მიზეზებიც განსხვავებულია.

ართრიტი შეიძლება განვითარდეს აუტოიმუნური პროცესის შედეგად, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარ ქსოვილებს — მაგალითად, რევმატოიდული ან ფსორიაზული ართრიტის დროს. სხვა მიზეზებია ინფექცია, სახსარში კრისტალების დაგროვება (მაგალითად, პოდაგრის დროს), ტრავმა და ზოგი სხვა სისტემური დაავადება.

სახსრის ტკივილი ყოველთვის ართრიტს არ ნიშნავს. ოსტეოართროზი ძირითადად დეგენერაციული პროცესია, თუმცა მასაც შეიძლება ახლდეს ანთებითი კომპონენტი.

ართრიტის შესაძლო ნიშნებია სახსრის ტკივილი, შეშუპება, სითბო, მოძრაობის შეზღუდვა და დილის შებოჭილობა. მიზეზის დასადგენად საჭიროა კლინიკური შეფასება და, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, სისხლის ანალიზები, რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა ან MRI.

მკურნალობა დამოკიდებულია ართრიტის კონკრეტულ მიზეზზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჯერ ზუსტი დიაგნოზის დადგენა და შემდეგ მიზნობრივი მკურნალობის შერჩევა.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში