ართროზი, ანუ ოსტეოართროზი, არის სახსრის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ცვლილებები ვითარდება არა მხოლოდ ხრტილში, არამედ მთლიან სახსარში — სუბქონდრულ ძვალში, სინოვიურ გარსში და სხვა სტრუქტურებში.
მის განვითარებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი: ასაკი, ჭარბი წონა, სახსრის ხანგრძლივი ან განმეორებითი დატვირთვა, წარსულში მიღებული ტრავმა, სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაცია, კუნთების სისუსტე და გენეტიკური მიდრეკილება. ზოგჯერ კონკრეტული მიზეზის გამოყოფა შეუძლებელია.
ოსტეოართროზი განსაკუთრებით ხშირად აზიანებს მუხლის, მენჯ-ბარძაყის, ხელის მცირე სახსრებსა და ხერხემლის გარკვეულ სახსრებს. დაავადებას შეიძლება ახლდეს ტკივილი დატვირთვისას, შებოჭილობა, მოძრაობის შეზღუდვა, კრეპიტაცია და მოგვიანებით სახსრის დეფორმაციაც.
დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ შეფასებას და საჭიროების მიხედვით რენტგენოგრაფიას, ულტრაბგერით კვლევას ან MRI-ს.
მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება და ფუნქციის შენარჩუნება. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და სამკურნალო ვარჯიში, საჭიროების შემთხვევაში წონის შემცირება, ტკივილის მედიკამენტური მართვა, ხოლო შერჩეულ შემთხვევებში შეიძლება განიხილებოდეს სახსარშიდა ინექციური მკურნალობაც.
ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში