სახსარშიდა „ჟელე“, როგორც ხშირად უწოდებენ ჰიალურონის მჟავის პრეპარატს, გამოიყენება ოსტეოართროზის მქონე შერჩეულ პაციენტებში. პრეპარატი შეჰყავთ უშუალოდ სახსარში. მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება, მოძრაობისა და სახსრის ფუნქციის გაუმჯობესება.

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს სინოვიური სითხის ბუნებრივ კომპონენტს და მონაწილეობს სახსრის ზედაპირების მოძრაობისა და დატვირთვის პირობების უზრუნველყოფაში. ინექციის ეფექტი ინდივიდუალურია — ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია სიმპტომების გაუმჯობესება, თუმცა ყველა პაციენტში ერთნაირი შედეგი მოსალოდნელი არ არის.

პროცედურის საჭიროება უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, პაციენტის სიმპტომების, ოსტეოართროზის სიმძიმის, ჩატარებული მკურნალობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. გარკვეულ სახსრებში ინექციის ჩატარება შესაძლებელია ულტრაბგერითი კონტროლით, რაც ექიმს ნემსის სწორად პოზიციონირებაში ეხმარება.

ჰიალურონის მჟავის ინექცია დაზიანებულ ხრტილს სრულად ვერ აღადგენს და ოსტეოართროზს ვერ კურნავს; მისი გამოყენების მთავარი მიზანი სიმპტომების მართვაა.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში