არ არსებობს ერთი წამალი, ვიტამინი ან დანამატი, რომლის დალევაც სახსრის ხრტილის ცვეთას საიმედოდ შეაჩერებს ან ართროზისგან სრულად დაგვიცავს.
სახსრების ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სახსრის გარშემო კუნთების გაძლიერება. ასევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება, საკმარისი ცილის მიღება და ტრავმებისა და გადაჭარბებული დატვირთვის თავიდან აცილება.
D ვიტამინი და კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემისთვის, მაგრამ მათი დამატებით მიღება საჭიროა ძირითადად მაშინ, როდესაც არსებობს დეფიციტი ან კონკრეტული სამედიცინო ჩვენება. გლუკოზამინის, ქონდროიტინის, კოლაგენისა და სხვა ე.წ. „სახსრების დანამატების“ ეფექტი განსხვავებულია და ისინი დაზიანებული ხრტილის აღდგენას ვერ უზრუნველყოფენ.
თუ უკვე არსებობს სახსრის ტკივილი, შეშუპება ან მოძრაობის შეზღუდვა, მხოლოდ დანამატების მიღების ნაცვლად მნიშვნელოვანია ტკივილის მიზეზის დადგენა და ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევა.
ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი-რეაბილიტოლოგი თბილისში