ჯონსის მოტეხილობა — ტერფის V მეტატარსალური ძვლის მოტეხილობა
ჯონსის მოტეხილობა (Jones fracture) არის მეხუთე მეტატარსალური ძვლის მოტეხილობა, რომელიც ვითარდება ძვლის ფუძესა და დიაფიზს შორის — მეტადიაფიზურ მიდამოში.
მისთვის დამახასიათებელია ტერფის გარეთა მხარეს მკვეთრი ტკივილი, შეშუპება, სისხლჩაქცევა და სიარულის გაძნელება. დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია რენტგენოგრაფია. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება CT, ხოლო MRI განსაკუთრებით სასარგებლოა ძვლის ტვინის შეშუპებისა და თანმხლები რბილი ქსოვილების დაზიანების შესაფასებლად.
ჯონსის მოტეხილობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ამ ზონაში სისხლმომარაგება შედარებით შეზღუდულია და შეხორცება შეიძლება გახანგრძლივდეს ან განვითარდეს შეუხორცებლობა.
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მოტეხილობის ტიპზე, გადაადგილებაზე, პაციენტის აქტივობასა და სხვა კლინიკურ ფაქტორებზე და შეიძლება მოიცავდეს იმობილიზაციასა და დატვირთვის შეზღუდვას, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში — ქირურგიულ მკურნალობას.
ირაკლი შელია, MD, PhD
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი
