მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი — კოქსართროზი
ვიდეოში ნაჩვენებია მენჯ-ბარძაყის სახსარში ოსტეოართროზის დროს განვითარებული ცვლილებები.
ჯანმრთელ სახსარში ბარძაყის ძვლის თავი და აცეტაბულუმი დაფარულია გლუვი სასახსრე ხრტილით, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და ნაკლებად მტკივნეულ მოძრაობას. კოქსართროზის დროს ხრტილი თანდათან ზიანდება და თხელდება, იცვლება სახსრის ზედაპირები და შეიძლება განვითარდეს სინოვიალური გარსის ანთებაც — სინოვიტი.
დაავადების პროგრესირებას შეიძლება თან ახლდეს:
- საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის მიდამოს ტკივილი
- ტკივილის გავრცელება ბარძაყში ან მუხლის მიმართულებით
- მოძრაობის შეზღუდვა
- დილის შებოჭილობა
- სიარულის გაძნელება და კოჭლობა
- სახსრის ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითება
დიაგნოსტიკის საფუძველია კლინიკური შეფასება და რენტგენოგრაფია. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება MRI, CT ან ულტრაბგერითი კვლევა.
მკურნალობა დამოკიდებულია კოქსართროზის სტადიასა და პაციენტის მდგომარეობაზე. გამოიყენება ფიზიკური აქტივობისა და დატვირთვის მართვა, სამკურნალო ვარჯიში, რეაბილიტაცია და მედიკამენტური მკურნალობა. შერჩეულ შემთხვევებში შესაძლებელია სახსარშიდა ინექციური თერაპიის განხილვაც.
მენჯ-ბარძაყის სახსარში ინექციური პროცედურის ჩატარებისას ულტრაბგერითი კონტროლი საშუალებას იძლევა ნემსი ზუსტად მოთავსდეს სამიზნე არეში.
მძიმე და შორსწასული კოქსართროზის შემთხვევაში, როდესაც ტკივილი და ფუნქციის შეზღუდვა კონსერვატიულ მკურნალობას აღარ ემორჩილება, საჭიროა ორთოპედის კონსულტაცია ენდოპროთეზირების საკითხის შესაფასებლად.
ირაკლი შელია, MD, PhD
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი
