მენჯ-ბარძაყის სახსრის ლაბრუმის დაზიანება (Hip Labral Tear)

მენჯ-ბარძაყის სახსრის ლაბრუმი წარმოადგენს ხრტილოვან რგოლს, რომელიც გარს აკრავს აცეტაბულუმს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახსრის სტაბილურობასა და მოძრაობაში.

ლაბრუმის დაზიანების დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება საზარდულის ან მენჯ-ბარძაყის მიდამოს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, „ჩაჭედვის“ ან „ტკაცუნის“ შეგრძნება და დისკომფორტი ხანგრძლივი სიარულისა თუ ფიზიკური დატვირთვის დროს.

დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). ჩვეულებრივ რენტგენზე თავად ლაბრუმის დაზიანება ხშირად არ ჩანს, ხოლო MRI უფრო ინფორმაციულია რბილი ქსოვილებისა და ლაბრუმის შესაფასებლად. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება MR-ართროგრაფიაც.

მკურნალობის ტაქტიკა ინდივიდუალურად შეირჩევა და შეიძლება მოიცავდეს დატვირთვის მოდიფიკაციას, მედიკამენტურ მკურნალობასა და მიზანმიმართულ რეაბილიტაციას. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია ულტრაბგერითი კონტროლით მენჯ-ბარძაყის სახსარშიდა ინექციური თერაპიის განხილვა. მნიშვნელოვანი ან მექანიკური სიმპტომების გამომწვევი დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაციაც.

ირაკლი შელია, MD, PhD
რევმატოლოგი • რეაბილიტოლოგი
მენჯ-ბარძაყის სახსრის დაავადებების დიაგნოსტიკა, კონსერვატიული მკურნალობა და რეაბილიტაცია.