იდაყვის ულნარული კოლატერალური იოგის (UCL) დაზიანება
Ulnar Collateral Ligament Injury (UCL) არის იდაყვის შიდა მხარეს მდებარე ულნარული კოლატერალური იოგის ნაწილობრივი ან სრული დაზიანება. ეს იოგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იდაყვის სტაბილურობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით განმეორებითი სროლისა და ძლიერი დატვირთვის დროს.
ძირითადი სიმპტომებია ტკივილი იდაყვის შიდა მხარეს, მგრძნობელობა, დატვირთვისას ტკივილის გაძლიერება, ძალის დაქვეითება და ზოგჯერ არასტაბილურობის შეგრძნება.
დაზიანება ხშირად გვხვდება სპორტსმენებში, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც ასრულებენ განმეორებით სროლის მოძრაობებს. მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ერთჯერადი ძლიერი ტრავმა ან ხანგრძლივი გადატვირთვა.
დიაგნოსტიკაში გამოიყენება კლინიკური შეფასება, რენტგენოგრაფია და MRI. რენტგენზე შესაძლებელია თანმხლები ავულსიური მოტეხილობის გამოვლენა, ხოლო MRI საშუალებას იძლევა შეფასდეს UCL-ის ნაწილობრივი ან სრული გაგლეჯა და მიმდებარე რბილი ქსოვილების მდგომარეობა.
მკურნალობა დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული და შეიძლება მოიცავდეს დატვირთვის შეზღუდვას, ტკივილისა და ანთების მართვას, ეტაპობრივ რეაბილიტაციასა და კუნთოვანი სტაბილიზაციის პროგრამას. სრული გაგლეჯის, მნიშვნელოვანი არასტაბილურობის ან კონსერვატიული მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში საჭიროა ორთოპედ-ტრავმატოლოგის შეფასება და შესაძლოა ქირურგიული რეკონსტრუქცია.
ირაკლი შელია, MD, PhD
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი
